8 გავრცელებული ლაქა საახალწლო წვეულებიდან და მათი მოშორების მარტივი გზა

12/23/2022

შობა და ახალი წელი წლის ყველაზე ლამაზი დღეებია. თუმცა შესაძლოა, დღესასწაული საშინელებათა ფილმად გადაიქცეს. რატომ? - მოგიყვებით:

სახლი ულამაზესად მოვრთეთ, საშობაო და საახალწლო დეკორაციები ჯადოსნურ გარემოს ქმნის. სუფრაც არაჩვეულებრივია, საკვები - უგემრიელესი. გემოვნებით და ზომიერად განლაგებული სანთლები მოკრძალებულ სურნელს და ოდნავ მისტიურ ატმოსფეროს ქმნის. ჩვენ ვბრწყინავთ ახალ კოქტეილის კაბაში, ჩვენი სტუმრებიც ჩვენსავით ლამაზები არიან და ამ დროს ერთ-ერთ მათგანს, შემთხვევით, ჩვენს ჭრელ, ბოჰემურ ხალიჩაზე წითელი ღვინო ეღვრება. ამასთან ერთად, სანთლებიც ნელნელა იღვენთება და იატაკს კანდინსკის ნახატივით აჩნდება. ყველაფერი ამით არ სრულდება და თითქოს ზეციდან ჩამოვარდაო, შოკოლადის ტორტის ნაჭერი ჩვენს ბრწყინვალე კაბის კალთაში ეცემა.

არ შეგეშინდეთ, ხშირად ჰიჩკოკის ‘ჰორორებიც’ კეთილად სრულდება. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გაიხანგრძლივოთ ჯადოსნური დღეები და გაუმკლავდეთ ყველასათვის საძულველ ლაქებს. მაშ ასე, ვიწყებთ:

სანთლის ცვილი:

თუ სანთლის წვეთები ხალიჩას, იატაკს ან მაგიდის გადასაფარებელს დაეწვეთა, მისი მოშორების ორი ხერხი არსებობს:

1: ხალიჩა: დაალაგეთ მასზე ყინულის კუბები, რათა ცვილი გაცივდეს. მყარ მდგომარეობაში მისი აფხეკა მარტივია დანის პირით ან საკრედიტო ბარათის დახმარებით. შემდეგ ნარჩენები მტვერსასრუტით აიღეთ და სპირტში დასველებული ნაზი ქსოვილით გაწმინდეთ.

2: მაგიდის გადასაფარებელი: გაათბეთ ცვილი ფენის დახმარებით და ლაქა სპირტში დასველებული ქსოვილით გაასუფთავეთ. კედლის შემთხვევაში კი თბილ წყალში გავლებული ქსოვილი გამოგადგებათ. ასევე, საკმაოდ გამოცდილი მეთოდია უთოს გამოყენება. დაფარეთ გაზეთი ცვილის ლაქას და შემდეგ ცხელი უთო გადაატარეთ.

შოკოლადი:

შოკოლადის დესერტი სადღესასწაულო სუფრის საუკეთესო ტრადიციაა, მაგრამ მისი ლაქების ამოყვანა არც ისე მარტივია. აქაც ყინულის კუბები დაგეხმარებათ. დაადეთ ყინულის ჩანთა ლაქას, ფრთხილად გაფხიკეთ დანით ან ბარათის დახმარებით, გამოგადგებათ კბილის ჯაგრისიც, შემდეგ აიღეთ ნარჩენები მტვერსასრუტით, ბოლოს კი დაასველეთ მიკროფიბერის ქსოვილი წყალში გაზავებულ ჭურჭლის სარეცხ გელში და გაწმინდეთ საფუძვლიანად.

ყავა:

ბევრი ჩვენგანი ყავის გარეშე წვეულებას არ ცნობს. ასეა თუ ისე, არც მისი ლაქებისგან ვართ დაზღვეული.

ტანსაცმლის ან მაგიდის გადასაფარებლიდან ლაქების მოსაშორებლად 1 ლიტრ თბილ წყალში გააზავეთ ½ ჩ/კ ჭურჭლის გელი, დაამატეთ 1 ს/კ ძმარი. ჩადეთ ქსოვილი ნარევში და დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაავლეთ წყალში და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

ხალიჩიდან ლაქის მოსაშორებლად გააზავეთ 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხ გელში. ნარევი ნაზად წაუსვით ქსოვილს, შემდეგ გაწმინდეთ მიკროფიბერის დახმარებით და, საჭიროების შემთხვევაში, ჩამორეცხეთ წყლით.

ცხელი კაკაო:

კაკაოს ლაქების გასაქრობად, პირველ რიგში, გაავლეთ ქსოვილი ცივ წყალში. მნიშვნელოვანია, რომ ცივი წყლის ჭავლი ლაქას ორივე მხრიდან მოხვდეს. შემდეგ დაამუშავეთ წინასწარ - წაუსვით ლაქების ამომყვანი საშუალება ან თხევადი სარეცხი გელი და გარეცხეთ თბილ წყალში.

ხალიჩიდან კაკაოს ლაქების მოსაშორებლად გაწმინდეთ ხალიჩის ორივე მხარე სუფთა თეთრი ქსოვილით. საკმაო რაოდენობით შეასხურეთ ცივი წყალი. შემდეგ კი თბილი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი გელის ნაზავით საგულდაგულოდ გაწმინდეთ ლაქა. ბოლოს, საპნის ნარჩენების მოსაშორებლად, გაასუფთავეთ თბილ წყალში დასველებული ქსოვილით.

ტუჩსაცხი:

მრავალჯერადი სადღესასწაულო ხელსაწმენდი მაგიდას ყოველთვის დახვეწილ იერს ანიჭებს. თუმცა ხშირად მასზე გადასული ტუჩსაცხის კვალი არც ისე მარტივი ამოსაყვანნია. გარეცხვამდე წინასწარ დაამუშავეთ ლაქა. დაასხით ცოტაოდენი თხევადი სარეცხი საშუალება და სუფთა კბილის ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ. დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ცხელი წყლით. აცადეთ ბოლომდე გაშრობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ლაქა ნამდვილად გაქრა.

წითელი ღვინო და სადღესასწაულო პუნში:

ღვინო, პუნში, კოქტეილი სადღესასწაულო სუფრის მთავარი ატრიბუტია, თუმცა ლაქები ხშირად განწყობას აფუჭებს. თუ რომელიმე ხალიჩაზე დაგეღვრებათ, წაუსვით ლაქას ცოტაოდენი სოდა ან წყალბადის ზეჟანგი და გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით, სანამ ლაქა არ გაქრება. ტანსაცმლიდან ღვინის ლაქების მოსაშორებლად, ჩადეთ ქსოვილი ცივ წყალში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ლაქაზე წაუსვით თეთრი ძმარი და 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ. რბილი ავეჯის გაწმენდა შეგიძლიათ თბილი საპნიანი წყლით, შემდეგ - წყლისა და თეთრი ძმრის თანაბარი ნაზავით და ისევ საპნიანი წყლით. დასასრულს, საპნის ნარჩენების მოსაშორებლად, გაწმინდეთ სუფთა ნესტიანი ქსოვილით.

ჭვარტლი, ნახშირი:

ბუხარი შობისა და ახალი წლის საუკეთესო დეკორაციაა. თუმცა ის მხოლოდ დეკორაცია არ არის და ანთებულმა ცეცხლმა, ნახშირისა და ჭვარტლის გამო, შესაძლოა, ბევრი პრობლემა შექმნას. ხალიჩიდან ან რბილი ავეჯიდან ლაქების ამოსაყვანად დააყარეთ საცხობი სოდა დაბინძურებულ ადგილს და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გაასუფთავეთ მტერსასრუტით. თუ ლაქა კვლავ დარჩა, დაასხით წყალბადის ზეჟანგი სუფთა თეთრ ქსოვილზე და საფუძვლიანად გაწმინდეთ. შემდეგ კი გაასუფთავეთ სუფთა ნესტიანი მიკროფიბერის ტილოთი.

ბუხრის აგურის გასაწმენდად ერთმანეთს შეურიეთ ¼ ჭიქა ჭურჭლის თხევადი საშუალება და 4 ჭიქა წყალი. ნარევი წაუსვით აგურს და გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით, ბოლოს კი ჩამორეცხეთ წყალში დასველებული ღრუბლით.

ნაძვის ხის წიწვის წვენი:

თუ უპირატესობას ბუნებრივ ნაძვის ხეს ანიჭებთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მისი წიწვები წებოვან წვენს გამოყოფს. იატაკიდან ნაძვის ფისის მოსაშორებლად ისევ ყინული დაგეხმარებათ. პირველ რიგში, დაადეთ ყინულის ჩანთა დალაქავებულ ადგილს, როცა ფისი გამაგრდება, ფრთხილად აფხიკეთ დანის დახმარებით. ტანსაცმლიდან მის მოსაშორებლად დალაქავებულ ქსოვილს დაასხით ლაქების ამომყვანი საშუალება ან თხევადი სარეცხი გელი. შემდეგ კი გარეცხეთ ცხელი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა. გახსოვდეთ, არ გააშროთ ტანსაცმელი ფისის ლაქების ამოყვანამდე. ხალიჩის გასაწმენდად თეთრი ქსოვილი დაასველეთ სპირტში და საგულდაგულოდ გაწმინდეთ.  

Comments
მადლობელი დაგრჩებით თუ გვირჩევთ ცხიმის ამოყვანას როგორ შევძლებთ ფერადი მაგიდის გადასაფარებლიდან :)
Bonus
555

Write a review