7 აუცილებელი დეტალი საახალწლო დეკორაციებში და მათი მნიშვნელობა

12/13/2022
new years decorations

ახალი წელი ჯადოსნურია. მნიშვნელობა არ აქვს, გვჯერა თუ არა ზღაპრების, ირიალური და აუხდენელი ოცნებების, მას მაინც სიახლისა და კარგი ამბების მოლოდინით ვხვდებით.

ჯადოსნურ განწყობაში საახალწლო დეკორაციებს დიდი ძალა აქვს. სწორად და გემოვნებით შერჩეული აქსესუარები საზეიმო განწყობას ბუნებრივად ქმნის და გვინდა თუ არა, ჩვენც ზღაპრულ ფერიებსა და მარხილზე მოკალათებულ თოვლის ბაბუაზე ფიქრს ვიწყებთ.

მაშ ასე, რომელი ნივთებია საჭირო საახალწლო დეკორაციებში და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულს:

ნაძვის ხე

პირველი, რა თქმა უნდა, საახალწლო ნაძვის ხეა. მარადმწვანე წიწვოვანი ხის საშობაოდ მორთვის ტრადიცია გერმანიაში დაიწყო. თუმცა სანამ ნაძვი ქრისტიანულ მოსასხამში გაეხვეოდა, როგორც ამბობენ, მრავალი წარმართული რომაული და ანგლო-საქსონური დღესასწაული გამოუვლია. დღეს კი ის თანამედროვე სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო ატრიბუტია.

თოვლის ბაბუა

სანტა კლაუსის, იგივე თოვლის ბაბუის იდეა ქრისტიანული სამყაროს წმინდანს, ნიკოლოზს უკავშირდება. დროთა განმავლობაში მან ბევრი ზღაპრული მითი დაიმატა და დღეს ყველამ ვიცით, როგორ დაქრის სანტა მარხილით ლაპლანდიის თოვლიან მთებში მფრინავ ირმებთან ერთად. 

გნომები/ჯუჯები

ცხვირმოყინული, გრძელწვერა ჯუჯა არსებებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიიდან ვიცნობთ. სკანდინავიურმა მითმა ისინი საშობაო სუფრასთან მოიპატიჟა და საახალწლო მორთულობის საპატიო სტუმრად აქცია. იცოდით, რომ სკანდინავიელი ბავშვები გნომებს ბაღში ჯამით ფაფას უდგამენ, მათ კი სანაცვლოდ საჩუქრები მოაქვთ?!

საშობაო ელფები

ელფები მრავალი საუკუნის წინ ძველ გერმანულ და სკანდინავიურ ზღაპრებში დაიბადნენ. საშობაო ელფი კი მე-19 საუკუნეში ამერიკაში გაჩნდა და ის თოვლის ბაბუის დამხმარედ მოგვევლინა. კეთილი არსებები წვეტიანი ყურებითა და ქუდით, ძირითადად, მწვანე ტანსაცმელში გვხვდებიან და თოვლის ბაბუას საჩუქრების მომზადებაში ეხმარებიან. მათთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს მშვენიერი ფერიები, რომლებიც მარადიულ სილამაზესთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდებიან.

საახალწლო განათება და სანთლები

საახალწლო განათებას დიდი ძალა აქვს. სხვადასხვა ფერში განათებული ქუჩები, ბაღები თუ ინტერიერი ზამთრის საზეიმო განწყობის შეუცვლელი ნაწილია. სანთლებს სიმბოლური დატვირთვაც აქვს, როგორც რელიგიური, ისე - დეკორატიული ნიშნით.

ნაძვის ხის სათამაშოები - ბურთები და გირლიანდები

საახალწლო გირლიანდებს, იგივე „წვიმებს“, როგორც წესი, ყინულის ასოციაცია აქვს. წელს, როგორც ამბობენ, მოლურჯო ფერი დომინირებს, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ნაძვის ხის მოსართავად მოლურჯო-მონაცრისფრო ბურთები და გირლიანდები გამოვიყენოთ. ლურჯი სიმბოლოებით დატვირთული ფერია და ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სიღრმე და სიმშვიდის მომტანი შეგრძნებაა.

საზეიმო ღონისძიებებზე ზარების რეკვას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. წარმართულ დღესასწაულებზე მას ბოროტი სულის განსადევნად იყენებდნენ. საშობაო და საახალწლო ღონისძიებებზე კი ზარებმა და ვარსკვლავმა სიმბოლური დატვირთვა მიიღო, როგორც იესოს დაბადების დამადასტურებელი ნიშნები. სწორედ ამიტომ ნაძვის ხის თავში ხშირად ამაგრებენ ვარსკვლავს, ზოგჯერ კი - ანგელოზს. ასეთია საახალწლო დეკორის ძირითადი ნიუანსები. ესთეტურად როგორ მოაწყობთ, რას დაუმატებთ ან გამოაკლებთ, გემოვნების საკითხია. მთავარია სურვილი, რომ დეკორაციამ საზეიმო და ჯადოსნური ატმოსფერო შექმნას.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა