რა განსხვავებაა მშრალ და გამომშრალ კანს შორის ?

05/28/2020

მშრალი და გამომშრალი – კანის ორი განსხვავებული მდგომარეობაა, რომელსაც შეფასება და შესაბამისი მოვლის საშუალებების გამოყენება სჭირდება.

მშრალი – ეს კანის ტიპია, რომელიც მუდმივია. მშრალი ტიპი გაქვთ თუ – თქვენი კანი უხეშია, ხორკლიანი და დატენიანების შემდეგაც არ ხდება ერთგვაროვანი და ის ამ მდგომარეობაშია წელიწადის ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევებში, კანს არ ჰყოფნის ბუნებრივი ცხიმი და სჭირდება დამატებითი დატენიანება საკუთარი ცხიმების ნაკლებობის კომპენსაციისთვის. კანის ეს ტიპი შეიძლება იყოს გენეტიკური და უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მაღალი მგრძნობელობა (სიწითლე/სიჭრელე). ასეთ კანს არ აწუხებს აკნე, შავი წერტილები, გამონაყარი, მიდრეკილია ნაოჭების უფრო ნაადრევად გამოხატვისკენ. ამ ტიპის კანისთვის სასარგებლოა მაგალითად ე ვიტამინის, პეპტიდების შემცველი საშუალებები. რაც შეეხება მოვლის რუტინას, საფეხურები სტანდარტულია: წმენდა – უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ გამწმენდ რძეს/ლოსიონს, რომლებიც თავის მხრივ, პარალელურად ატენიანებენ კანს. ექსფოლიაცია – რადგან კანი მშრალია, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, პირიქით, მშრალი კანი=მკვდარ უჯრედებს, რომლებიც გროვდება ზედაპირზე და კეტავს ფორებს, ქმნის ბარიერს დამატენიანებლებისთვის და მოვლის სხვა საშუალებებისთვის. ამქერცლავები, რომლებსაც ბუნებრივი გრანულები აქვთ დამატებითი ზეწოლაა მშრალი კანისთვის, ამიტომ არჩევანი გააკეთეთ AHA შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებზე, თუმცა გამოყენებამდე აუცილებლად კარგად გაეცანით მოხმარების წესებს (რომ თავიდან აიცილოთ ალერგია, ლაქები და სხვა). ტონერი – PH ბალანსისთვის და აბსოლუტური სისუფთავის უზრუნველსაყოფად (შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი ფუნქცია-მაგალითად სიწითლის საწინააღმდეგო). ესენცია/ლოსიონი – ტონერისგან იმით განსხვავდებიან, რომ აქვთ მეტად გაჯერებული შემადგენლობა, რომელიც ამზადებს კანს შემდეგი საფეხურებისთვის (ეს საფეხური სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი). შრატი – აუცილებელი საფეხურია (22-25+ მშრალი კანისთვის), რადგან მუშაობს კანის შრე დერმისზე და ღრმად ატენიანებს მას (შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი ფუნქცია-მაგალითად სიწითლის საწინააღმდეგო, ანტი ასაკობრივი). დამატენიანებელი – ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტის ფიქსაციისა და ზედაპირის დატენიანებისთვის. ასეთ კანს სჭირდება ზეთოვან ბაზაზე დამზადებული მოვლის საშუალებები.

გამომშრალი – ეს კანის მდგომარეობაა, რომელიც დროებითია და შესაძლოა ნებისმიერ ტიპს გამოუვლინდეს. გამწმენდის შემდეგ თქვენი კანი დაჭიმულია? გაქვთ გამომშრალი ნაწიბურები? გამონაყარი? სახის გარკვეულ ნაწილზე კანი გექერცლებათ? ამავდროულად ცხიმიანი ტ ზონა გაქვთ? ხშირ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა გამოწვეულია არასწორი კვებისგან (გაზიანი სასმელი, ყავა, შოკოლადი, “ჯანქ ფუდი”), ტენიანობის, კლიმატის და მზის ზეგავლენისგან, წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო. ასეთ დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს მეტ ცხიმს წყლის ნაკლებობის კომპენსაციისთვის. მომატებული ცხიმი კი იწვევს გამონაყარს, გაღიზიანებას, ინფექციებს. ზემოთ ჩამოთვლილი გამომწვევი მიზეზების გამო, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია კვების შეცვლაც – მეტი წყალი, ხილი და ბოსტნეული (განსაკუთრებით – კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, საზამთრო, მარწყვი), ნაკლები ნახევარფაბრიკატები და “ჯანქ ფუდი”. ამ შემთხვევაშიც, მოვლის რუტინის საფეხურები იდენტურია, იცვლება საშუალებების შემადგენლობა კანის კონკრეტული გამოვლინებების და საჭიროებების მიხედვით. ასეთ კანს სჭირდება წყლის ბაზაზე დამზადებული მოვლის საშუალებები.

პოსტში მოკლედ გამოხატული კანის გამოვლინებები და მათი მოვლის პროდუქტები ცხადყოფს, რომ კანის ამ 2 მდგომარეობას განსხვავებული მოვლა სჭირდება. მშრალი კანის მოვლის საშუალებები არათუ გამოასწორებენ გამომშრალი კანის მდგომარეობას, არამედ მათი ზეთოვანი/მსუყე შემცველობის გამო შესაძლოა გააუარესონ ის და პირიქით, წყლის ბაზაზე დამზადებული გამომშრალი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტები ვერ უზრუნველყოფენ მშრალი კანის დატენიანებას.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა