ათასიდან ერთი საცხი, ანუ როგორ ვიპოვოთ იდეალური პომადა!

03/15/2022

ცხოვრებაში ორი რამ არის რთული - იდეალური მეორე ნახევრის პოვნა და შენთვის შესაფერისი ტუჩსაცხის მიგნებაო. ასე ამბობენ, თუმცა ყველაფერი, რასაც ამბობენ, სიმართლე არ არის. დავუშვათ, რომ ეს მოსაზრება მართალია. შეგიძლია, პომადის ათასობით ფერსა და ტიპში შენი ტუჩებისთვის ზედგამოჭრილი საცხი იპოვო? მით უმეტეს, თუ მისი აღმოჩენა მხოლოდ ტუჩის ფორმასა და ზომაზე კი არა, კანის, თმის, თვალების ფერზე ყოფილა დამოკიდებული.

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საშუალოდ, ათი წელია საჭირო იდეალური ტუჩსაცხის საპოვნელად. იცოდით? - მე არა, რადგან ხუმრობაა და ბრიტანელ მეცნიერებს ნამდვილად არ ცალიათ ამისთვის. აი, პროფესიონალი ვიზაჟისტების რჩევები კი ნამდვილად არ არის ურიგო. ვნახოთ, როგორი პომადა შეგვეფერება და მერე, იქნებ, იდეალური მეორე ნახევარიც ვიპოვით.

პომადის სწორად შესარჩევად ტოპ 3 ხერხი არსებობს:

  • კანის ფერის მიხედვით
  • თმის ფერის მიხედვით
  • კანის ქვეტონის მიხედვით

აქვე გეტყვით, რომ ზუსტი ფორმულა პომადის იდეალური ჩრდილის მოსაძებნად არ არსებობს, მაგრამ არის რამდენიმე ხრიკი. ნუ ეცდებით, ერთდროულად, ყველა ხერხის გამოყენებას, ამან შესაძლოა, უფრო დაგაბნიოთ. გადაავლეთ თვალი თითოეულს და ამოირჩიეთ ერთი, რომელსაც უკეთ მიუსადაგებთ საკუთარ თავს. მივყვეთ თანმიმდევრულად.

კანის ფერი

პირველი ნაბიჯი პომადის სწორად შესარჩევად კანის ფერის განსაზღვრაა. არსებობს კანის ფერის 5 ძირითადი ტიპი: ღია, საშუალო, გარუჯული, მკვეთრი.

ღია და ფერმკრთალი კანისთვის იდეალურია ღია ვარდისფერი, ღია ატმისფერი და ლურჯზე დაფუძნებული წითელი პომადა.

საშუალო, ხორბლისფერი კანი ეფექტურად იხდენს ვარდისფერს, ალისფერსა და ატმისფერს. ამ ფერის კანისთვის, შესაფერისია მოლურჯო პომადის ჩრდილიც.

რუჯისფერი კანის მქონე გოგონებს შეუძლიათ, მთლიანად აანთონ ცეცხლი. მათია მუქი წითელი, ჟოლოსფერი და ნარინჯისფერი.

პომადის ფერები, რომელიც საუკეთესოდ უხდება კანის მუქ, მკვეთრ ტონს, არის შინდისფერი, ქლიავისფერი, მუქი ჟოლოსფერი და მუქი ნარინჯისფერი.

თმის ფერი

პომადის ძიების შემდეგი ტურია თმისა და კანის ტანდემი.

მუქი თმისა და ღია ფერის კანისთვის ღია ვარდისფერი, ალისფერი, ალუბლისფერი და ქლიავისფერი საცხი ყოფილა შესაფერისი.

ქერა თმისა და ღია კანისთვის ბაც ვარდისფერს, მეწამულ ვარდისფერსა და ცეცხლისფერს გვირჩევენ.

მუქი თმისა და გარუჯული კანისთვის ოქროსფერი, კრემისფერი, მოყავისფრო ფორთოხლისა და ბრინჯაოსფერი ჩრდილებია რეკომენდებული.

ქერა თმისა და გარუჯულ კანს თურმე კარამელის, ღრმა ვარდისფერისა და მდოგვისფერის ჩრდილები უხდება.

ყავისფერი თმა და ხორბლისფერი კანი კი კრემისფერს, მარჯნისფერს, ბაც ვარდისფერს იდეალურად იხდენს.

წითელი თმა და ღია კანი მოვარდისფრო ფორთოხლის, მოყავისფრო ფორთოხლის, კამკამა ვარდისფერის ხაზს უნდა მიჰყვეს.

კანის ქვეტონები

გარდა ამ ხერხებისა პომადის ფერს კანის ქვეტონების მიხედვითაც ირჩევენ. არსებობს ქვედატონის სამი ტიპი: ცივი, თბილი, ნეიტრალური. მიუხედავად იმისა, თქვენ ქერა ხართ თუ შავგრემანი, თქვენი კანის ქვედა ტონი შეიძლება ამ სამიდან ნებისმიერი იყოს.

არ იცით, რომელ ფერს განეკუთვნებით? - ამის დასადგენად უმოკლესი გზა არსებობს. დაიხედეთ მაჯებზე, თუ ვენა ცისფერია, ცივ ტონს განეკუთვნებით, თუ მომწვანოა - თბილს, თუ გიჭირთ განსაზღვრა - ნეიტრალურს.

მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი სურათია - თბილი ტონის ადამიანებს თურმე ოქროსფერი სამკაული უხდებათ და შესაბამისად, იხდენენ თბილ ფერებს. ცივი ტონის მქონე კანზე მოვერცხლისფრო სამკაულებია შესაფერისი. ასეთებისთვის იდეალურია ცივი ჩრდილები. ნეიტრალური ქვედატონი კი ცივი და თბილი ფერების ერთობლიობაა. ასე რომ, მათ შეუძლიათ, ფერთა პალიტრაში თავით გადაეშვან და არ შეიზღუდონ.

სხვადასხვა ხრიკი

ყველა ქალი ფლობს სილამაზის რაღაც საიდუმლოს, რაც შეიძლება, სულაც არ იყოს საიდუმლო, თუმცა ჩვენ, ქალები, ასე ხშირად ვამბობთ. ზოგი ბებიებმა გვასწავლა, ზოგი ჟურნალებიდან ამოვიკითხეთ და შემდეგ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ბევრს ერთმანეთთან გაზიარებით ვიგებთ. ისეც ხდება, რომ რაღაც ხერხს ჩვენ თავად მივაგნებთ ხოლმე. ამ ხრიკებიდან ბევრმა, შესაძლოა, არც იმუშაოს, უფრო სწორად, ზოგს გამოადგეს და ზოგს არა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ქალს თავისი სილამაზის საიდუმლო აქვს, რაც, ზოგჯერ, ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა არსებობს რამდენიმე მრავალგზის გამოცდილი მეთოდი.

ჩვენ მათგან 4 ამოვარჩიეთ:

თუ თქვენ თხელი, პატარა ტუჩები გაქვთ, სჯობს, მოერიდოთ მუქ, მქრქალ ტუჩსაცხებს. ასეთებს ურჩევენ, რომ პრიალა, კრემისებრი პომადები გამოიყენონ, რათა ტუჩი უფრო მოცულობითი გამოჩნდეს. პრიალა ტუჩსაცხი ყოველთვის მიმზიდველად ითვლება და თვალში მოსახვედრიცაა.

თუ თქვენი კბილები თეთრი მინანქრით არ გამოირჩევა, ეცადეთ, ძირითადად, ნათელი, კაშკაშა ფერები წაისვათ. მიმქრალმა ჩრდილმა, შესაძლოა, უფრო დაბინდოს თქვენი კბილები. ამიტომ წაისვით კამკამა ჩრდილები და იცინეთ, რამდენიც გაგიხარდებათ.

თუ ტუჩის გადიდება გსურთ, შეგიძლიათ, ტუჩის ზომას გადაცდეთ და კონტური ოდნავ გაადიდოთ, შემდეგ კი ტუჩსაცხით შეიღებოთ.

ტუჩის გასადიდებლად გარდამავალ ფერებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ ტუჩის კუთხეებში მუქი ფერის საცხი წაისვათ, ცენტრში კი ღია. რა თქმა უნდა, ფერი ერთი ტონის, თუმცა ღია და მუქი უნდა შეარჩიოთ.

დასასრულს, გეტყვით, რომ თუ სამყაროში თქვენთვის განკუთვნილ ტუჩსაცხს ჯერ კიდევ ვერ მიაგენით, ამის გამო ნუ იდარდებთ. მთავარი ძიებაა. ამ პროცესში უამრავ რამეს ვსწავლობთ და ვხვეწთ. შესაძლოა, იმასაც მივხვდეთ, რომ კონკრეტულად ერთი კი არა, რამდენიმე ტიპის საცხი გვჭირდება, რაც ჩვენს ტუჩებს იდიალურად მოერგება. ამიტომ ბევრი რამ უნდა ვცადოთ, ექსპერიმენტების არ შეგვეშინდეს. თანაც მცდელობა ნამდვილად ღირს, როცა საქმე სილამაზეს ეხება. მით უმეტეს, თუ შეგვიძლია, ყოველ მომდევნო დღეს იმაზე უკეთ გამოვიყურებოდეთ, ვიდრე გუშინ, რატომაც არა?! 

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა